ჰამლეტ გონაშვილი

ქართველისათვის უცხო სახელი ჰამლეტი, მამამ, სოფელ ანაგის ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა, დიმიტრი გონაშვილმა დაარქვა, ქალიშვილს კი ჯულიეტა უწოდა, ბუნებრივია, შექსპირის სიყვარულით. თვითონ ჰამლეტსაც ეუცხოებოდა, არ მოსწონდა ინგლისური სახელი, გამოცვლაც უნდოდა, მაგრამ ისე მალე გახდა პოპულარული, ახალი სახელით გამოჩენა ეუხერხულა. ერთხელ კონსტანტინე გამსახურდამაც უსაყვედურა, ამისთანა ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს, ეს რა სახელი გქვიაო.


დედა ირწმუნებოდა, 2-3 თვის ბავშვს სიმღერა ესმის და ღუღუნით მყვებაო. არ უჯერებდნენ, შეუძლებელიაო. დედა კი, ნათქვამის დასამტკიცებლად, ხან მარჯვნივ დაუდგებოდა, ხან მარცხნივ, და ჩვილიც სწორედ იმ მხარეს იცქირებოდა, საიდანაც იავნანა ესმოდა. შეიძლება ითქვას, ჰამლეტი მას შემდეგ მუდმივად მღეროდა, ოჯახში, მეგობრებში, სოფელში, ყველგან და ყოველთვის.

სიმღერის ნიჭი ჩვეულებრივ რამედ მიაჩნდა. მისი აზრით, როგორც ყველა ადამიანი სწავლობს ლაპარაკს, ასევე ყველას უნდა შეეძლოს სიმღერაც. ალბათ ამიტომ არ უფიქრია, მომღერალი გამოსულიყო. ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი - საქართველო ხომ განსაკუთრებულად უყვარდა და საუბარიც გატაცებით იცოდა.

შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტს განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა – ახოვანი, მხრებგაშლილი, მკერდგამოწეული და წვრილწელიანი მომღერალი ნამდვილ ქართველ არისტოკრატს ჰგავდა, მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.

1969 წლიდან ანსამბლ „რუსთავში“ გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. შეიძლება ითქვას, მთელი რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში ყველა ვერ მღეროდა.

ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში ,,მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც.

გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია „ურმული“, „ოროველა“, „წინწყარო“, „წმინდაო ღმერთო“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „დაიგვიანეს“. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.

ჰამლეტი ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული იყო. უყვარდა კახური ღვინო, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა, დაგემოვნებით. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა, მაშინაც კი, როცა სასმელის საზღვარზე გადატანა მკაცრად იყო აკრძალული, კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღეგრძელებინა. განსაკუთრებით იწონებდა თავს, რომ სირიიდან ჩამოტანილი ლეღვის ნერგი ანაგაში გაახარა და ნაყოფიც მიიღო. თუმცა სიტყვაძუნწი არ ყოფილა, საკუთარ თავზე და, მითუმეტეს, წარმატებაზე ლაპარაკი არ უყვარდა, ახლობელს თუ უცნობს ქებას არც კი დაამთავრებინებდა, ღიმილით გაშორდებოდა.

დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.
Read more

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

ჩოლოყაშვილი კახეთში დაიბადა, სოფელ მატანში. მართლაც, საამაყო წინაპრები ჰყავდა, მაგრამ მათ შორის ერთი, კახეთის აჯანყების მოთავე და შემდეგ სიკვდილით დასჯილი ბიძინა ჩოლოყაშვილი, გამორჩეული იყო. ქაქუცამ თბილისის ქართული გიმნაზია დაამთავრა. ოცდაერთი წლისა რუსეთის არმიაში გაიწვიეს სამხედრო ბეგარის მოსახდელად. ტვერის დრაგუნთა პოლკში გაწვრთნილმა, სამხედრო წინსვლას, სამშობლოში დაბრუნება არჩია. ახალგაზრდა ოფიცერმა საყვარელ ქალზე, ნინო მეღვინეთუხუცესზე იქორწინა. ჯვრისწერისას მღვდელს ჯვარი ხელიდან გაუვარდა და ტაძარში გაჟღერებული წკრიალი მთელი სიცოცხლე ავად ესმოდა.


26 წლის პირველ მსოფლიო ომში ჩაება. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, ამიტომ კავკასიაში დააბრუნეს და ასეულის უფროსად დანიშნეს. ოსმალებთან ბრძოლაში ჯერ ფეხში, შემდეგ კი მკერდში დაჭრილმა ბრძოლას მანამდე არ დაანება თავი, ვიდრე „არწივის ბუდედ“ წოდებული სიმაგრე ხელთ არ იგდეს. სარაყამიშის დაცვისათვის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. ჭრილობები წმინდა ნინოს ქართულ საავადმყოფოში მოიშუშა და როდესაც ქართული ცხენოსანი რაზმი დაარსდა, ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა და ახლა სპარსეთის ფრონტზე მოხვდა.

საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მუდმივ ომშიც ჩაება. ოფიცერი ჩოლოყაშვილიც თითქმის ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 1921 წელს გაქცეულ მთავრობას თან არ გაჰყოლია, სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის გათავისუფლებისათვის. კახეთში მებრძოლთა ჯგუფი შეადგინა, „საქართველოს შეფიცულები“ დაირქვეს და ტყეში გავიდნენ. ასეთივე ჯგუფების შესადგენად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები დააგზავნა.

ერთი წლის მცდელობის, შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების შემდეგ 1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა: გამოსავალი ერთადერთია - აჯანყება!

1922 წლის ივნისში სიღნაღთან ჩოლოყაშვილი პირველად შეება წითელ ჯარს, რამაც დასაბამი მისცა დამოუკიდებლობისათვის მრავალწლიან ბრძოლას. აგვისტოში აჯანყება დაიწყო ხევსურეთში. დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, გააფთრებული იერიშით ალყა გაარღვია და თავი კახეთს შეაფარა. მთავრობამ შური იმით იძია, რომ წითელი არმია ხევსურეთს შეუსია და ააოხრა. სხვა გადამჭრელი ზომებიც მიიღო - დაშალა ქართული დივიზია, გააძლიერა რუსული გარნიზონები. ქართულ ოფიცრობას ჩეკამ მუდმივი მეთვალყურეები მიუჩინა. განსაკუთრებული ნადირობა გამოცხადდა ჩოლოყაშვილზე, დიდი რისკი იყო მისი შეფარება ან საკვების მიწოდება. კახეთსა და ქიზიყში სოფელი არ დარჩა, ქაქუცას გულშემატკივარი არ გამოსჩენოდა. მასპინძლობას ხშირად აწიოკება, დაპატიმრება და ზოგჯერ სიკვდილიც მოსდევდა, მაგრამ მაინც იფარებდნენ, ხელს უმართავდნენ, საკვებს აწვდიდნენ. ამის შემდეგ ქაქუცა დროებით ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩრდილო კავკასიელებთან გაება კავშირი. დაბრუნების შემდეგ ისევ დაუწყეს დევნა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაეღუპა ძმა, დაუპატიმრეს ოჯახი, მცირეწლოვანი გოგონები.
რეპრესიებს ვერც სხვები გადაურჩნენ. 1923 წლის 3 მარტს ჩეკამ დამკომის 15 წევრი დააპატიმრა, 19 მაისს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა: კონსტანტინე აფხაზს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, ვარდენ წულუკიძეს, გიორგი ხიმშიაშვილს, როსტომ მუსხელიშვილს... განაჩენი 24 საათში აღასრულეს.

ასეთმა სისასტიკემ ეროვნული ძალები შეაშფოთა, მაგრამ საერთო სახალხო აჯანყებაზე ფიქრი არ ნელდებოდა. დამკომმა დეკემბერში ქაქუცას მოსთხოვა, თბილისში ჩამოსულიყო. ეს დიდი რისკი იყო, ჩეკა ხომ თავდაუზოგავად ეძებდა, მაგრამ გაბედა და ჩამოვიდა, ერთი კვირა თბილისში იყო და უვნებლადვე დატოვა დედაქალაქი. მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა: საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აჯანყება თებერვალში მოეწყოს. ზუსტი თარიღის დასადგენად პარიზს მიავლინეს კაცი. პარიზიდან მხოლოდ ზაფხულში ჩამოვიდნენ აჯანყების ხელმძღვანელები. დამკომმა აჯანყება მომზადებულად მიიჩნია და გამოსვლის თარიღიც დადგინდა - 17 აგვისტო. ქაქუცამ თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა. მაგრამ პარიზიდან ჩამოსულები ჩეკამ დააპატიმრა და აჯანყების ყველა დეტალი ცხადი გახდა. დამკომმა გამოსვლის დღე გადადო. ქაქუცას არ მოეწონა ეს გადადება, ხალხის უკან გაშვება და ხელახლა შეკრება ძნელი იქნებოდა, მაგრამ დაემორჩილა ბრძანებას: საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყოს ერთ დღეს, ერთ საათს, მთელ საქართველოში. იმოქმედეთ უეცრივ და შეუჩერებლად! დრო - 29 აგვისტო, ღამის 2 საათი!

აჯანყება მართლაც დაიწყო, ოღონდ არა მთელ საქართველოში, მხოლოდ ჭიათურაში. თანაც არა 29 აგვისტოს, არამედ ერთი დღით ადრე. ამიერკავკასიის თავკაცი სერგო ორჯონიკიძე არ დაბნეულა, დამსჯელი ლეგიონები ჯავშნოსანი მატარებლითა და თვითმფრინავით მიუსია, კახეთში იმავე დღეს დააპატიმრა ყველა საეჭვო ელემენტი, თბილისი და ბათუმი მთლიანად დაიმორჩილა. 4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში შეიპყრეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა 10 დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ როცა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში დარწმუნდა, თურქეთის საზღვარი გადალახა და ოქტომბრის ბოლოს 26 მებრძოლთან ერთად უცხოეთში გადაიხვეწა.

ქაქუცა ქართველი რაინდის განსახიერება იყო, დარბაისელი, მზრუნველი, მოხდენილი, შესანიშნავი მოცეკვავე, ამიტომ უყვარდათ შეფიცულებს. ბევრს ეცადა საბჭოთა ხელისუფლება, მისთვის ავტორიტეტი შეელახა, ხან ბანდიტს ეძახდა, ხან ყაჩაღსა და კაცისმკვლელს, მაგრამ ჩოლოყაშვილმა ეროვნული გმირის სახელი დაიმკვიდრა. მასზე ლეგენდებს ქმნიდნენ და შვილიშვილებს მალულად უამბობდნენ.

42 წლისამ საფრანგეთში დალია სული. ვინ იცის, რა იყო ნაადრევი სიკვდილის მიზეზი - ძველი ჭრილობები, შელახული თავმოყვრეობა, ნოსტალგია, სამშობლოში დატოვებული ცოლისა და ქალიშვილების დარდი თუ ყველაფერი ერთად.

ჯერ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს. გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
Read more

ნიკო ფიროსმანი

საუკუნეც არ გვაშორებს ფიროსმანს. ფოტო, გაზეთი, კინო, რითიც დღეს მატიანეს ვქმნით, მაშინაც არსებობდა, მაგრამ ფიროსმანაშვილზე მცირე რამ ვიცით.
1862 წელს ასლან ფიროსმანაშვილსა და თეკლე ტოკლიკიშვილს მესამე შვილი, ნანატრი ვაჟი შეეძინათ. პატარას ნიკო დაარქვეს. 8 წლის იყო, როცა მშობლიურ სოფელს, მირზაანს, მოაშორეს და უფროს დას, ქალაქში გათხოვილ მარიამს, თან გააყოლეს - “უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ეყოლება, აღარ ინაღვლებს, თანაც სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებთ, ზრდილობას, წერა-კითხვას ისწავლის და კაცი დადგებაო.”

პატარა ნიკო დას ვერაფრით დაეხმარა, თვითონ გახდა მისახედი. თბილისური მჭიდრო სახლები, ქუჩისპირას ჩამწკრივებული დუქნები, ქვაფენილით მოკირწყლული გზები და ამ გზებზე მოსიარულე ეტლები მალევე მობეზრდა. თავიანთი წნული ქოხი, სახლის წინ გაშენებული ვენახი და დედა მოენატრა. - აქედან საით არის მირზაანიო? - ხშირად ეკითხებოდა ხოლმე დას.

თბილისი საბედისწერო აღმოჩნდა ნიკოს დისათვის. ქალაქში გავრცელებულმა ქოლერამ მარიამი იმსხვერპლა. მარტო დარჩენილი ნიკო სოფელში არ დაბრუნდა და სიძის დახმარებით ქალანთაროვების ოჯახში მსახურად “პურის ჭამაზედ დადგა”. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრძოლა არსებობისათვის: იყო ქალანთაროვებთან მზარეული, ვინმე ბაშინჯაღიანთან შინამოსამსახურე, ზემელზე და მერე სადგურზე რძის დახლიდარი, კავკასიის რკინიგზის დამუხრუჭების კონდუქტორი... ყველა სამუშაოს პატიოსნად, მაგრამ უგულოდ ასრულებდა. ერთადერთი საქმე, რაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ხატვა იყო, არადა იყო თვითნასწავლი მხატვარი, ხატავდა ყველგან, ყველა გარემოში, ყველაფერზე... კედელზე, მუყაოზე, მუშამბაზე...

ახალგაზრდობაშივე ნიკომ ორჯერ სცადა ბედი მხატვრობაში. იმხანად დედაქალაქში არ არსებობდა გალერეა, სალონი, სადაც შეიძლებოდა მხატვარს საკუთარი ნამუშევარი გამოეფინა, ხალხის თვალამდე მიეტანა, სამაგიეროდ, მრავლად იყო დუქანი. ამ დუქნებს გარედან აბრები, შიგნით კი კედლებს გალამაზება სჭირდებოდა. ჯერ მხატვარ გიგო ზაზიაშვილს დაუმეგობრდა, მაგრამ რამდენიმე თვეში საქმე ჩაუვარდათ და მერე ვინმე გაზერნაძეს გაურიგდა. ეს წამოწყებაც მარცხით დასრულდა, “ერთ დღეს ნიკომ და მისმა ამხანაგმა დამშვიდებული სინდისით აუგდეს დარაბები თავიათნ სამხატვრო სახელოსნოს.”

ასე გაგრძელდა 1904 წლამდე. 42 წლის საბოლოოდ ჩამოშორდა ყველა სხვა საქმეს და მედუქნეებს დაუმეგობრდა. იყო უსახლკარო, უმისამართო, უპატრონო, მაგრამ ცხოვრებაშიც და საქმეშიც ღირსებას ინარჩუნებდა. არც მედუქნეებთან ქეიფს კადრულობდა და არც ხატვისას ითვალისწინებდა მათ კაპრიზს. სვამდა მაშინ, როცა მოუნდებოდა და ხატავდა ისე, როგორც სურდა. ამიტომაც ქმნიდა შედევრებს.

როცა ზდანევიჩები გაიცნო, თითქოს ებოდიშებოდა და ხშირად იხსენებდა იმ დროს, კოხტად და მოდურად რომ იცვამდა. მართლაც, შავი პიჯაკით, შარვლითა და მოხდენილი პალტოთი გამოწყობილს ოქროს საათიც ეკეთა, ჯიბეში კი იმდენი ფული ედო, რომ სხვებსაც ეხმარებოდა, სოფელში სახლი ააშენა, გამრჯე დას, ფეფეს, საოცნებო საკერავი მანქანა უყიდა... ქონება მისთვის მეტად უმნიშვნელო იყო. ალბათ, ამიტომაც შეიქმნა ლეგენდა, რომ ყველაფერი გაყიდა და ფრანგ მომღერალ ქალს სასტუმროსთან ყვავილებით დატვირთული რამდენიმე ურემი მიაყენა.

განსხვავებული იყო ბუნებითაც, მეგობარი დიმიტრი ალუღიშვილი ხან “ტვინდასეტყვილს” ეძახდა და ხან “თვითრჯულს”. შეეძლო ბავშვივით გაბუტვოდა იმ ადამიანს, ვინც ქომაგად მოევლინა. ილია ზდანევიჩის პორტრეტს ხატავდა. ახალგაზრდა დაგვიანებით მივიდა. ნიკალამ უსაყვედურა, შენზე გაბრაზებული ვარო, მაგრამ მეორედაც რომ დაიგვიანა, პირდაპირ მიახალა: “ჩემი ტალანტი დაღლილია ლოდინით. მე დილიდან გელოდით, თქვენ კი დაიგვიანეთო”.

ძალიან გვიან და თანაც ძალიან ცოტამ მიაქცია ნიკო ფიროსმანს ყურადღება. 1913 წლის 24 მარტს მოსკოვში ფოროსმანაშვილის 4 ნახატიც გამოფინეს. მისი შემოქმედებისადმი ინტერესი გაუჩნდათ ახალგაზრდა მხატვრებს, მაგრამ პრაქტიკული დახმარება ვერავინ გაუწია. ისევ ცივ სარდაფში მედუქნეებისა და შეზარხოშებული მუშტრების ირგვლივ ტრიალებდა “გრაფად” დაბადებული მხატვარი.

1918 წლის გაზაფხულზე ნიკო ავად გახდა. რამდენიმე დღე მარტო იწვა ბნელ სარდაფში. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, უკვე დაგვიანებული იყო. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, უპატრონო მიცვალებული წაიღეს და სადღაც დაკრძალეს. იმ მხატვრის, რომლის სახელითაც ხშირად მსოფლიოს ქართულ კულტურას ვაცნობთ, საფლავიც კი არ ვიცით.

ხატვისას ხშირად უბრუნდებოდა ერთსა და იმავე თემას. უყვარდა თამარი, რუსთაველი, საქართველოს წარსული. უყვარდა პორტრეტები, ქეიფის სცენები, ზოგს დაკვეთით, ზოგსაც საკუთარი სურვილით ქმნიდა. ხატავდა ძირითადად იმ გარემოს, იმ ხალხს, ვის ირგვლივაც თვითონ ტრიალებდა, რაც მის მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი. თანაც ხატავდა ყველაზე სადა, ნაივური სტილით.

... ფიროსმანი ხშირად ხატავდა სოფლურ ყოფას და სადღაც, უკანა პლანზე მიახატავდა პატარა ბიჭს, რომელიც ჭიშკრიდან გადის, სახლის დერეფანში მდგარი დედა კი ხელს უქნევს. ის ბავშვი ალბათ თვითონ ნიკოა...
Read more

დავით ყიფიანი

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი - ნახევარმცველი, მწვრთნელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981), სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი (1977), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). თბილისის “დინამოსა” (1984-85, 1988, 1990, 1995-97) და საქართველოს ეროვნული ნაკრების (1997, 2000-2001), აგრეთვე კლუბების: თბილისის “ლოკომოტივის” (1988), კვიპროსის “ოლიმპიაკოსის” (1992-93), იაროსლავლის “შინნიკისა” (1998) და ქუთაისის “ტორპედოს” (1999-2001) მთავარი მწვრთნელი. 245 მატჩში გატანილი აქვს 78 გოლი.


დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ნოემბერს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 35-ე სპორტსკოლა. მისი პირველი მწვრთნელი პ. ჭელიძე იყო. 17 წლისა უკვე თბილისის “დინამოს” რიგებში თამაშობდა, სადაც თბილისის “ლოკომოტივიდან” მივიდა. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა თამაშს ფრეზე ასრულებს. ამ ფონზე თბილისის “დინამო” ლამის ერთგვარ “ოაზისს” წარმოადგენდა არა მხოლოდ შედეგის, არამედ ფეხბურთელების მაღალი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ამ დიდ სპორტსმენებს შორის თავის გამოჩენა და გამორჩევა არცთუ იოლი საქმე იყო, მაგრამ ყიფიანმა ეს მოახერხა და მოახერხა, უპირველესად, იმ უნიკალური თვისების წყალობით, რომელიც მხოლოდ ერთეულების, უმაღლესი კლასის ფეხბურთელების დამახასიათებელია – ეს არის მოედნის ხედვა და სხარტი აზროვნება. სწორედ ამ თვისების გამო ადარებდნენ ყიფიანს ლეგენდარულ ჰოლანდიელ კრუიფს. კრუიფის მსგავსად ყიფიანიც სიტუაციის მიხედვით თამაშობდა. ის იყო ყველგან, სადაც კი გუნდს მისი დახმარება ესაჭიროებოდა.

მოწინააღმდეგეების მჭირდო თამაშის დროს შექმნილი, თითქოსდა, გამოუვალი მომენტებისას, როცა სიტუაციის გარდასახვა და თამაშის გადაწყობა იყო აუცილებელი, მისი გრძელი გადაცემები საყოველთაოდ იყო ცნობილი. ის იყო ფართო პროფილის მოთამაშე – საუკეთესო ნახევარმცველი და საუცხოო ფორვარდი. ყიფიანი აღმოჩნდა მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც საკუთარი თამაშის, “მონოლოგის” შეთავაზება შეუძლიათ მაყურებლისათვის. იგი აკეთებდა სვლებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მიაჩნდა საჭიროდ და ბრმად არ მიჰყვებოდა მწვრთნელების მკაცრ მონახაზს. ამის გამო მას ხშირად არ იძახებდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც საერთო ჯამში მხოლოდ 19 მატჩი ითამაშა 7 გოლის შედეგით. განსაკუთრებით არ ესმოდა მისი საკავშირო ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლობანოვსკის, ამიტომ ყველაზე ნათელი და ბრწყინვალე პერიოდი მის კარიერაში უკავშირდება თბილისის “დინამოს”.

დავით ყიფიანმა “დინამოში” თამაში 1968 წელს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციიდან დაიწყო და 15 სეზონი ითამაშა. სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელს საოცნებო გუნდის მუდმივ შემადგენლობაში მოხვედრა თავდაპირველად ტრამვამ ჩაუშალა. იგი კვლავ “ლოკომოტოვში” დაბრუნდა. ამ პერიოდში ყიფიანი თვალში მოუვიდა საბჭოთა ფეხბურთის ცნობილ სპეციალისტს – გავრილ კაჩალინს, რომელმაც ნიჭიერ ფეხბურთელს მოსკოვის “დინამოში” გადასვლა შესთავაზა. დიდი იყო მისი გაოცება, როცა კატეგორიული უარი მიიღო. როგორც მოგვიანებით თავად დავით ყიფიანი იხსენებდა, მას აზრადაც არ მოსვლია სხვა რესპუბლიკის მაისურით მოედანზე გასვლა. ყიფიანის დებიუტი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 1971 წელს შედგა “ფახთაქორის” წინააღმდეგ, როცა ცხრამეტი წლის დამწყებმა ფეხბურთელმა მოედანზე თავისი კუმირი – სლავა მეტრეველი შეცვალა. 1976 წელს დავით ყიფიანი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად კანადის ოლიმპიადაზე გაემგზავრა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ლობანოვსკიმ იგი მოედანზე არც კი გამოიყვანა. შედეგად, საბჭოთა ნაკრების მიერ აღებული ბრინჯაოს მედლები მას არ ერგო.…ეს იყო პირველი სერიოზული იმედგაცრუება, რომელიც ფეხბურთელმა ისე განიცადა, რომ სიმწრისაგან სასტუმროს აივანზეც კი იტირა თურმე... 1977 წელს დავით ყიფიანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამ პერიოდის ყველაზე ხმაურიან წარმატებად თბილისელი ფეხბურთელებისათვის მილანის “სან-სიროს” სტადიონზე “ინტერის” დამარცხება იქცა. დავით ყიფიანმა მილანელთა გამოცდილ მცველ ფაკეტტის ბურთი მოხერხებულად აართვა, პირისპირ გავიდა მეკარესთან და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მისკენ ბევრი წამყვანი ევროპული კლუბის მესვეური მზა კონტრაქტებით ხელში დაიძრა, მაგრამ ყიფიანი ყველას უარით ისტუმრებდა.

დავით ყიფიანი თბილისის “დინამოს” 1981 წლის ტრიუმფის მონაწილეც იყო, როცა მისმა გუნდმა იენის “კარლ-ცაისს” სძლია და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. სამწუხაროდ, იმავე წელს მადრიდის “რეალთან” მატჩის დროს დავით ყიფიანმა ფეხი მოიტეხა და ოთხი თვით გამოეთიშა ასპარეზობას. მალე იგი საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებოდა. ამ პერიოდში ყიფიანი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედიოდა. თუმცა, გადატანილი ტრავმის გამო შესარჩევ თამაშზე სასურველი შედეგი ვერ აჩვენა. როცა ყიფიანმა საკუთარი გვარი ნაკრების ფეხბურთელთა ორმოცკაციან წინასწარ განაცხადში ვერ ამოიკითხა, მან ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 1983 წელს, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ყიფიანს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს. ის დიდხანს იყო უარზე, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. ყიფიანმა მშობლიური გუნდი აუტსაიდერობიდან მესამე ადგილზე აიყვანა. 90-იანი წლების დასაწყისში კი კვიპროსზე გაემგზავრა, სადაც “ოლიმპიაკოსი” ჩაიბარა. ამასთან, გადაწყვიტა მცირე ბიზნესიც ეწარმოებინა – გახსნა რესტორანი “რუსი”, რომელიც ორ რუს მოქალაქეს შორის მომხდარი სკანდალის შემდეგ მალევე დაიხურა. თავად მეპატრონე დავით ყიფიანი ამ სკანდალის მსხვერპლი გახდა – იგი სამი დღით დააპატიმრეს. მიუხედავად პოლიციის ბოდიშისა, პრესაში მაინც გამოქვეყნდა ცნობები ყიფიანის რუსულ მაფიასთან შესაძლო კავშირის შესახებ. მაგრამ ამ უმნიშვნელო ფაქტს არ შეეძლო დაეჩრდილა ხალხის დიდი სიყვარული ლეგენდარული ფეხბურთელის მიმართ. საქართველოში ის დღესაც საყოველთაოდ აღიარებული და პატივსაცემი ადამიანია.

2001 წლის 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მომავალი დავით ყიფიანი სოფელ ჩარდახთან ავტოკატასტროფაში მოჰყვა. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე მას ინფარქტი დაემართა, რის გამოც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კაკლის ხეს შეასკდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არადა, ორიოდ დღეში მოსკოვში მიემგზავრებოდა, სადაც მოსკოვის “დინამოს” უნდა ჩადგომოდა სათავეში. ეს იყო უდიდესი დანაკლისი როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ფეხბურთისათვის.. დავით ყიფიანი ხომ არა მარტო ერთი საფეხბურთო გუნდის, არამედ მთელი ეპოქის ლიდერი იყო, ამიტომ საქართველოში გულშემატკივრები მას მხოლოდ დიდ ფეხბურთელად კი არა, ეროვნულ მოღვაწედაც თვლიან.
Read more

აკაკი წერეთელი (1840-1915)

პოეტი და საზოგადო მოღვაწე. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1863 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მონაწილეობდა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლაში. უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მუშაობაში; ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის - "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალის - "ხუმარას", რედაქტორი. იგი ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. იღწვოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის. ავტორია მრავალი ლექსისა და პოემისა. მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.

აკაკი წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

აკაკი წერეთლის ფონდი 873 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ბიოგრაფია: აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

განათლება
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი”, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული” (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა”, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.

ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
Read more

იაკობ გოგებაშვილი

„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო". – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში".
მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", შემდეგ – „ბუნების კარი" (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში" (1872), „დედა ენა" (1876). "დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. "დედა ენას” "ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი "დედა ენა” და 5-6 ათასი "ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას.
გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი "საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. სასოწარკვეთილი თვითმკვლელობიდან ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: "ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო”.
ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.
არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობას.

გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის, ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: "გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა "რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი", „მერცხალი და მეცხვარე", „ცხვარი და მარტი" და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი", „ბეღურა", „ლომი", „მერცხალი", „აქლემი", „ორაგულის ცხოვრება", „ნამი", „ცისარტყელა" და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი", „იოთამ ზედგენიძე", „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", „ცოტნე დადიანი", „თავდადებული მღვდელი თევდორე", „სხივი წარსულისა", „სამასი თავდადებული გლეხი" და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა" (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს", „ჯეჯილსა" და „ნაკადულს".

სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.
ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სატამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. თუმცა ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, თავაუღებლად მუშაობდა. გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა უყვარდა, ახლგაზრდებთან ლაპარაკი. ძირითადი თემა იყო რუსეთის ამა თუ იმ მოქმედების აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩაგვრა ქართული ენისა, მისი განდევნა სკოლებიდან, ეკლესიიდან, ოჯახებიდან.
სამოცდათორმეტი წლისა, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს ი1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ გოგებაშილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.

1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის" 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა" და „ბუნების კარის" აღდგენილი გამოცემები.
იაკობ გოგებაშვილი – მთავარნი საჭიროებანი

ამონარიდი 1893 წელს ქართლ-კახეთის სამთღვდელოთა ყრილობაზე იაკობ გოგებაშვილის მიერ წარმოთქმილი სიტყვიდან

(ლ. მეფარიშვილი, გაზეთ "ივერიის” ერთი აკრძალული პუბლიკაციის გამო, "მაცნე”. ენის სერია, 1984, N1 )

…თბილისში გოლოვინის პროსპეკტზედ, ფოჩტის სადგურის მახლობლად არის ერთი მაღაზია წიგნებისა, დაარსებული ბრიტანიის "დაბადების” საზოგადოებისაგან. ამ საზოგადოებას ერთადერთ მიზნად აქვს – ყოველს ენაზედ ბეჭდოს გასაგები ენით დაბადება და ჰფინოს მთელის დედა-მიწის ზურგზედ. ამ მაღალს დანიშნულებას საზოგადოება ემსახურება სწორედ ინგლისური მცნებით. დედა-მიწის ზურგზედ არ მოიპოვება იმისთანა მოზრდილი ქალაქი, სადაც არ ჰქონდეს ამ საზოგადოებას თავისი საწყობი საღვთო წიგნებისა.

დაბადება, საღვთო წერილი მათ გადათარგმნილი აქვთ და დაბეჭდილი კაცობრიობის ყოველს ენაზედ, რომელიც კი ცოტაოდნად მაინც განვითარებულია და აქვს თავისი ანბანი. დიდს ფულსა ხარჯავს ვთრგმანში, ბეჭდვასა და საწყობების მართვაში ეს საზოგადოება. ამასთან დაბადებას და სახარებას ჰყიდის ისე იაფად, რომ არა კერძო გამომცემელს არ შეუძლიან ესა. ათასობით, ათი ათასობით იფანტებიან მთელს კაცობრიობაში ამ საზოგადოების გამოცემანი და ჰქადაგობენ მაღალს სწავლას მაცხოვრისა ჩვენისასა.

დიახ, როგორც მოგახსენეთ, ამ საზოგადოებას ჩვენს დედაქალაქშიც აქვს საწყობი დაბადებისა, სახარებისა. შევიდეთ შიგ და გავშინჯოთ საწყობი. მთელი საწყობი სავსეა მწკრივად დაწყობილი წიგნებით, ლამაზათ დაკაზმულით. აი პირველი მწკრივი. იგი იპყრობს დაბადებას რუსულს ენაზედ. აი მეორე მწკრივი. იგი შემდგარია დაბადებიდგან სომხურს ენაზედ. აი აგერ მესამე მწკრივი. იქ ალაგია დაბადება არაბულს ენაზედ. თქვენ აქ ნახავთ დაბადებას ფრანგულს, ნემეცურს, სპარსულს, ოსმალურს და სხვა ენებზედ. სომხურს ენაზედ თუ მოიკითხავთ სახარებას, გკითხავენ: რომელს სომხურზედ გნებავთ, ძველზედ არარატულზედ, თუ კონსტანტინოპოლურზედ? და რომელზედაც გინდათ იმ ენაზედ მოგართმევენ… მხოლოდ ერთი ენის ჭაჭანება არ არის აქა. რომლისა?- სწორედ იმ ენისა, რომლის დედა-ქალაქი იყო, არის და, იმედია, იქმნება თბილისი. დიახ, დაბადება მხოლოდ ქართულს ენაზედ არ მოიპოვება საწყობში არც ძველზე და არც ახალზედ.

რა ამბავია, რომელი მიზეზის გამო? იქნება ეს ბრიტანეთის საზოგადოების ბრალი იყოს? სრულიადაც არა. თქვენ ამ საწყობში გეტყვიან, ბევრი ვეცადენით ქართულს გასაგებ ენაზედ გადაგვეთარგმნა დაბადება, ერთს თქვენს მაგისტრს დეკანოზს ათასი თუმანიც შევაძლიეთ შრომის ფასათაო ამ ათის წლის წინედა; მაგრამ ხელი არავინ მოგვიმართა, არავინ დაგვეხმარა და ეს არის მიზეზი რომ აქამომდე ჩვენი ენა მოკლებულია დაბადებას, წყაროს ქრისტიანობისას. დიახ, სწორედ მოკლებულია. ამ ათის წლის წინად დაბეჭდილი დაბადება სათვალავში არ ჩაითვლება. პირველად, იგი არის იმისთანა ენით ნათარგმნი, რომ არამც თუ ეხლა აღარავის ესმის, ვგონებ იმ ძველ დროშიაც არავის ესმოდა, როდესაც ეს დაბადება გადმოითარგმნა; მეორედ, უცხო ენაზედ კი დაბადება ისეა ნათარგმნი რომ ყოველს წიგნის მცოდნეს შეუძლიან მისი გაგება. მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არა ჰქონია და ბევრს ადგილას ჩვენი დაბადების აზრი ეწინააღმდეგება ნამდვილის აზრსა; მესამედ, დაბეჭდვის დროს ზოგი ადგილი გამოშვებულია, მრავალი სიტყვა გადასხვაფერებული, დამახინჯებული და საზოგადოდ ისე დაუდევრად არის დაბეჭდილი, რომ სიმრავლეს კორექტურულის შეცდომებისა საშინელს ბრაზზედ მოჰყავს ყოველი ქართველი, რომელსაც კი უკითხნია ეს დაბადება; მეოთხედ, ფასი დიდი ადევს, სახელდობრ კი ექვსი მანეთი, მაშინ, როდესაც უცხო ენაზედ დაბადება იყიდება ორ-ორ მანეთად; მეხუთედ, უცხო ენაზედ დაბადება იბეჭდება წვრილი, გარკვეული კორპუსით, წიგნი გამოდის მორჩილი ტანისა და ადამიანს შეუძლიან ჯიბეშიც კი ატაროს მთელი დაბადება; ჩვენი დაბადების დაბეჭდვის დროს კი ყოველი ღონისძიება უხმარნიათ, რომ წიგნი გამოსულიყო დიდი, ფარღალალად დაუბეჭდიათ უშველებელი ასოებითა, წიგნს ერთი სამად და ოთხად უმატნია, სასიხარულოდ სტამბისა და კორექტორისა და ისეთი ტლანქი სახე მიუღია, რომ ურმით თუ ატარებთ მას, თორმე სხვაფრივ არ შეიძლება. ამისთანა დაბადების ქონა უდრის არ ქონასა.

საჭიროა მთელი დაბადება გადმოითარგმნოს გასაგებ ენაზედ, დაიბეჭდოს იგი ვენის მშვენიერი კორპუსით და ფასი დაედოს ძალიან მცირე, ხელმისაწვდომი ჩვენის ღარიბი ხალხისათვის.

როცა ამისთანა დაბადება მოეფინება ჩვენს ხალხში და ყოველის წიგნის მცოდნესათვის შეიქმნება ყოველდღიურ საკითხველად, მხოლოდ მაშინ იწყებს ქრისტიანობა ფესვების გადგმას ჩვენს ქვეყანაში. მანამდის კი მხოლოდ გარეგანი კანი ქრისტიანობისა, შემთხვევითი და დროებითი მისი ფორმები, იქმნებიან სათაყვანებელი საგანი ქართველთათვის…
იაკობ გოგებაშვილი – მეგრელები

"მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება… შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში… მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით… გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება… და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა.ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან…”.
როგორ დაიწერა "იავნანამ რა ჰქმნა?”

ღრმად ჩამრჩა ხსოვნაში ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც მამაჩემმა ჩემი ბავშვობის წლებში მიამბო. იაკობი გაურბოდა ღამით წერას, ღამე იშვიათად წერდა, რადგან ღამის თევა და უძილობა თენთავდა მის დაძაბუნებულ ორგანიზმს. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. მთელ დღეს ფუსფუსებდა, მოძრაობაში ატარებდა, უსაქმოდ იშვიათად ნახავდით. დიდ უპირატესობას აძლევდა მოძრაობას, შრომას.

– ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო, – ხშირად იტყოდა ხოლმე.

განსაკუთრებით დილით უყვარდა წერა. წერით რომ გულს კარგად იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა.

იაკობი თავისი სიტყვის პატრონი იყო, მტკიცე რეჟიმის დაცვით ატარებდა ლამაზ და შინაარსიან ცხოვრებას, მაგრამ, თურმე ნუ იტყვი, მასაც სცოდნია დაკანონებული რეჟიმის დარღვევა. ეს ასე მოხდა: ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – "ქეთოს იტაცებენ”, – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შეაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! – გულში გაივლო და საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო… იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: "ქეთოს იტაცებენ” და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას.

იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა–დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე "იავნანა” ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა.

მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა.

ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა:– მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგა ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო.

ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: "იავნანამ რა ჰქმნა?”.

– ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, – კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასათვის.

წყარო: სრესელი ი. – რამდენიმე ეპიზოდი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან. – თბილისი. – 1965.
დიდი იაკობის ქველმოქმედება

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით ქველი არის მოწყალე, გინა კეთილი, ხოლო ქველის-მოქმედი-მოწყალების მოქმედი; როგორც ჩანს, ქველმოქმედებას დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან ღარიბი და გაჭირვებული ადამიანები, რომელთაც ესაჭიროებოდათ მატერიალური დახმარება, ყველა ქვეყანაში, ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდნენ, იყვნენ აგრეთვე შეძლებული ადამიანებიც, რომელთაც გაჭირვებულთა მიმართ სიბრალულისა და ჰუმანურობის გამოხატვა ადამიანური ღირსების საქმედ მიაჩნდათ.

კეთილი საქმეების ჩადენისა და ქველმოქმედების არა ერთი ფაქტია ჩვენამდე მიღწეული. გავიხსენოთ მეცენატი, რომელიც ძვ.წელთაღრიცხვის | საუკუნის მდიდარი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე იყო. იგი ისტორიაში შევიდა როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი და ქომაგი. მეცენატის სახელი მეცნიერების, ხელოვნებისა და მწერლობის მფარველის სახელად იქცა ძველ დროშივე.

წმინდა ზოტიკე ხუცესი, ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი, კონსტანტინე დიდის დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა. წმინდანმა საკუთარი სახლი ქვრივთა და ობოლთა თავშესაფრად აქცია, რისთვისაც მას "ობოლთმზრდელი” შეარქვეს.

ქველმოქმედებას საჭიროებდნენ საქართველოშიც. კაცთმოყვარე მეფე დავით აღმაშენებელმა სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა და დიდ ყურადღებას აქცევდა ამ დაწესებულებას.

წმინდა მეფე დავითი უამრავ კეთილ საქმეს აღასრულებდა, ხორციელ სიქველესა და მოწყალებასთან ერთად იგი სულისთვის იღვწოდა. მეფეს ერთი ქისა ჰქონდა, რომელსაც დილით თავის ხელით აავსებდა, საღამოსათვის კი ცარიელი მოჰქონდა. თუ მთელი დღის მანძილზე ქისას მხოლოდ ნახევრად დაცლიდა ან სავსე დარჩებოდა და გზად უპოვართაგან არავინ შეხვდებოდა, მეორე დღისთვის ინახავდა და დანანებით ამბობდა – "დღეს ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათა”. საყურადღებო და საგულისხმიერო ის არის, რომ დავით აღმაშენებელი ქველმოქმედებას თურმე სახელმწიფო საჭურჭლიდან აღებული ფულიდან კი არ ეწეოდა, "არამედ ხელთა თუისთა ნადირებულთა”, ანუ საკუთარი შრომით შეძენილი ქონებიდან.

თამარ მეფე გულმოდგინე მართლმადიდებელი იყო და "ღამეყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთდრეკა და ცრემლით ვედრება” ჰყვარებია. ყურადღების ღირსია, რომ თამარ მეფე ამგვარი გარეგნული მორწმუნეობით არ კმაყოფილდებოდა და ქველმოქმედებას უმთავრეს ყურადღებას აქცევდა. თავის დიდი წინაპრის დავით აღმაშენებელივით ისიც ქველმოქმედებას საკუთარი შრომით შენაძენი ფულით ეწეოდა თურმე და არა სახელმწიფო ხაზინის თანხებიდან.

ახალ დროში თავისი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა დიდი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, "დედა ენისა” და "ბუნების კარის” ავტორი იაკობ გოგებაშვილი. იგი მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა, აქტიურად მონაწილეობდა ყველა ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების საქმიანობაში. განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდო მან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და წარმატების საქმეს. იყო მისი აქტიური წევრი და ეხმარებოდა ნივთიერად. ამ საზოგადოებამ, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ხალხის აღზდის საქმეში.

პატიოსნება, უანგარობა, კეთილშობილება და ქველმოქმედება იყო მისი პიროვნული მხარეები. იაკობ გოგებაშვილი საკუთარი სახსრებით ხსნიდა და ეხმარებოდა სკოლებს. მას ჰყავდა პირადი სტიპენდიატები. იგი ფულად დახმარებას უწევდა მწერლებს, არტისტებს, პედაგოგებს, რომელთა ბედზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ თავზე.

იაკობ გოგებაშვილი, განსხვავებით მდიდარ (მილიონერ) ქველმოქმედთაგან, რომელნიც ლევ ტოლსტოის "ანა კარენინაში” ჰყავს მოხსენიებული და მისივე თქმით "ვერ გრძნობდნენ, რომ ის, რასაც ისინი სწირავენ ღარიბებს, ხშირად იმაზე უფრო ღარიბებისთვის აქვთ წართმეული”, მცირე ქონების პატრონი იყო. მისი შემოსავლის წყაროს შეადგენდა "დედა-ენა”, "ბუნების კარი” და "რუსსკოე სლოვო”. მაგრამ, თუ იგი მატერიალურად არ იყო მდიდარი, სამაგიეროდ სულიერად უმდიდრესი ადამიანი იყო.

საჭიროა გავეცნოთ მის ანდერძს, რომ დავრწმუნდეთ ადამიანობის რა თვალუწვდენელ სიმაღლეზე აზევებულა ეს დიდებული ადამიანი.

იაკობ გოგებაშვილი უაღრესად გულწრფელი და უანგარო ქველმოქმედი იყო. მისი შეურყეველი კრედო იყო: "ყველაფერი ხალხმა მომცა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს” ("იაკობის სამრეკლო”). ამ მრწამსისთვის იაკობ გოგებაშვილს არასოდეს უღალატნია, რასაც აშკარად მოწმობს ამ მამულიშვილის დიდი ქველმოქმედება, რომელსაც იგი სიცოცხლეში ასე ხელგაშლილად ეწეოდა და სიკვდილის შემდეგაც ქართველი ხალხი დიდადაა მისგან დავალებული.

იაკობ გოგებაშვილს გარდაცვალების შემდეგ თავისი შრომითა და მუყაითობით მოპოვებული 13.000 მანეთი დარჩა. ეს თანხა ინახებოდა ნაღდ ფულად ბანკში, ნაწილობრივ ფასიანი ქაღალდების სახით. ამ თანხის გარდა იაკობს დარჩა საუკეთესოდ შედგენილი სახელმძღვანელო წიგნები – "დედაენა”, "ბუნების კარი” და "რუსსკოე სლოვო”. განსვენებულს ამ სახელმძღვანელოებიდან ყოველწლიურად შემოდიოდა არანაკლებ 9000 მანეთისა.

ანდერძის მიხედვით იაკობს თავისი ქონება შემდეგნაირად ჰქონდა განაწილებული: 300 თუმანი განსვენებულმა გადადო თავის დასაფლავებისა და ძეგლის დასადგმელი ხარჯების დასაფარავად. დანარჩენი თანხა ფასიანი ბილეთების სახით თითო ბილეთი უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, სალიტერატურო ფონდს, ქართულ დრამატულ საზოგადოებას, ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებას, ჟურნალ "განათლებას” და სახალხო უნივერსიტეტს. წიგნები და სახელმძღვანელოები 9000 მან. წლიური შემოსავლით და ვერაზე საკუთრებაში არსებული 280 კვ. საჟენი მიწა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

სახელმძღვანელოებისა და წიგნების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში უნდა დაეარსებინა სანიმუშო სახალხო სკოლა, ამავე შემოსავლებიდან ყოველწლიური დახმარება უნდა გაეწია ეკატერინე გაბაშვილის ქალთა პროფესიონალურ სასწავლებლისთვის – 120 მანეთი, განათლების საზოგადოებისთვის – 120 მან, ქართული საბავშვო ბაღისთვის ასევე – 120 მან, ჟურნალ "განათლებისთვის” არანაკლებ 300 მან, აკაკი წერეთელს უნდა მისცემოდა ათ-ათი თუმანი ჰონორარად იმ ლექსებისთვის, რომლებიც შესული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებში.
Read more

ვაჟა ფშაველა

ვაჟა ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი – 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია ”წერილი ხევსურეთიდან” 1879 წელს დაიბეჭდა (”დროება” №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა ”ფეოდალის აღზრდა” – 1880 წელს (”ივერია”, № 4); პირველი ლექსი ”მეომარი” – 1881 წელს (”იმედი”, № 3 – 4); პირველი მოთხრობა ”სურათი ფშავლის ცხოვრებიდან” – 1881 წელს (”დროება”, № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში: ”მთას ვიყავ” (1890); ”სიმღერა” (1896); ”სიტყვა ეული” და სხვ.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც (”გამამერია ჭაღარა”, 1894; ”მთათ მითხრეს”, 1897 და სხვ.). ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე მებრძოლ, შეუპოვარ კილოზეა დაწერილი მისი ლექსები (”ომის წინ ჯარის სიმღერა”, 1888; ”ბაკლერი”, 1899; ”კახეთს”, 1913; ”ფშაველი ჯარისკაცის სიმღერა” და სხვ.).

ვაჟა-ფშაველას პიროვნული სრულყოფის, ”კაი ყმის” ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ლექსები: ”კაი ყმა”, 1908; ”პასუხი ბაჩანას”, 1913; ”ფშავლის სიყვარული”, 1891 და სხვ.

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება – ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: ”ალუდა ქეთელაური”, 1888; ”ბახტრიონი”, 1892; ”სტუმარ-მასპინძელი”, 1893; ”გველის მჭამელი”, 1901 და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოემებით პოეტმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ის ძირითადი, რომ ცხოვრება აუცილებლად მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც შესაძლებელია მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით.

ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: ”შვლის ნუკრის ნაამბობი”, 1883; ”ხმელი წიფელი” (1888 – 1889); ”ქუჩი”, 1892; ”მთანი მაღალნი”, 1895 და სხვ.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა ”მოკვეთილი”, 1894. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს (”ლაშარობა”, 1888; ”ფშავლები” – ”ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” – 1896 და სხვ.). ”ცივილიზებულ” სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერების პირველმიზეზები და მათგან განკურნების საღი წყაროები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

თხზ.: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, თბ., 1961; თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბ., 1964.
Read more